პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ბევრად უფრო ტოქსიკურია, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა შტამები. ამის შესახებ რატიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ინდური შტამი საქართველოში არ დაფიქსირდეს.
"მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, 1960 წლიდან არის ამ ვირუსების ოჯახის შესახებ ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ - ისინი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა, რომ ერთ ოჯახში 40 სახეობა და ის სახეს იცვლის.
ინდოეთში არსებული შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში მას უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მოცირკულირე ახალმა კორონავირუსმა. იმედია, რომ აქამდე ვერ ჩამოაღწევს, ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა ლევან რატიანმა.