"ქრისტიან-დემოკრატები" შეფერხებული დეკრეტული შვებულებების თანხის დროულად გაცემას მოითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მადგა ანიკაშვილმა დღევანდელ სესიაზე დააყენა და როგორც აღნიშნა, "ძალიან ბევრ მოქალაქეს, კანონით გაკუთვნილი 600-ლარიანი დეკრეტული შვებულება დღემდე არ აუღია".
ამასთან, ანიკაშვილმა მოითხოვა, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულის მიზეზი ოფიციალურად განმარტოს.
დეპუტატი იმასაც იმედოვნებს, რომ უახლოეს სამთავრობო საათზე ამ კითხვას პასუხს თავად ჯანდაცვის მინისტრი გასცემს.
აღსანიშნავია, რომ ანიკაშვილის მოთხოვნას უმრავლესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელიც იზიარებს. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა მასაც მიმართეს და მიიჩნევს, რომ სამინისტრომ პრობლემა დროულად უნდა გადაწყვიტოს.
"მე, როგორც ამიხსნეს, თანხების გაცემა შეჩერებულია იმის გამო, რომ მიმდინარეობს გადამოწმება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც თანხა ეკუთვნის, მას უნდა დაუგვიანდეს," - აცხადებს გიგი წერეთელი და იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას დეკრეტული შვებულების თანხის 600-ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდაც სურდა, თუმცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ეს ვერ განხორციელდა.
"ჩვენ მზად ვართ, რომ მოქალაქეებს შეძლებისთანავე დავეხმაროთ და გაუზარდოთ ეს თანხა, მაგრამ ჯერჯერობით რა თანხაც არის გამოყოფილი, ის უნდა მიიღონ დაუყონებლივ", - აცხადებს წერეთელი.