შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. ტრადიციისამებრ, ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრებს და სამომავლო გეგმებსაც გააჟღერებს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ბაიდენი განსაკუთრებულ აქცენტებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკის განახლებაზე გააკეთებს.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი შეეცდება მოიპოვოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა თავისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კიდევ ორი პაკეტის ირგვლივ - "ამერიკელთა დასაქმების გეგმა" და "ამერიკული ოჯახების გეგმა".
ისტორიაში პირველად, კონგრესში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მის უკან ორი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ქალი იქნება წარმოდგენილი - ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც ამავდროულად სენატის პრეზიდენტად ითვლება და ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.
პრეზიდენტის ერისადმი მიმართვის გამო, კაპიტოლიუმის შენობაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე, კონგრესის აპარატის თანამშრომლებს შეხვდება, რომლებიც კაპიტოლიუმის შტურმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტის გამოსვლას კონგრესის ერთობლივ სხდომაზე, ჩვეულებრივ, დაახლოებით 1600 სტუმარი ესწრება. მაგრამ ამჯერად მხოლოდ 200 ადამიანი მიიღებს მოსაწვევებს ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო.