ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მეორე ოპოზიციისგან.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული ამნისტიაში და ითქვს, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე.
"ჩვენ მიგვაჩნია, ოპოზიციას, რომ ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელების მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ასრულებდნენ. ეს იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო აწარმოებს ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემთხვევაში უკვე განაჩენიც არის გამოტანილი და სხვა მუხლები არ გამოკვეთილა, გარდა იმ მუხლებისა, რაც უკვე არსებობს.
ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს, მაგრამ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებზე. ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტული ბრალდებები და მუხლები არ იყოს ამნისტიაში და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება ამ ფაქტთან, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ეს არის ძალიან გაუმართლებელი სამართლებრივად, ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია. არც პასუხობს შეთანხმების სულისკვეთებას. სულისკვეთება არის ის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს სამართლიანი ამნისტია, - თქვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, 19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.