მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი, იღებს პასუხისმგებლობას, შემუშავდეს ისეთი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოში კიდევ უფრო უკეთეს დემოკრატიულ გარემოს, გაძლიერებულ საპარლამენტო ზედამხედველობას, ძლიერ, ქმედით, ინკლუზიურ და ღია პარლამენტს.
"მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და, შესაბამისად, მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება მმართველ გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე – უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. უნდა გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ და გახდეს მეტად ინტენსიური და ინკლუზიური. გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმები. ამავე დროს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისათვის. მნიშვნელოვანად გაიზრდება, კერძო სექტორის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში. და ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, – საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ მოუტანია. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხის და ქვეყნის ინტერესები", - თქვა კუჭავამ.