პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დაპირველ რიგში, მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონალური კონტექსტი. წელიწადზე მეტია ვებრძვით პანდემიას, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდპანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე, - განაცხადა კუჭავამ.