"ქრისტიან დემოკრატები" ბოლო დროს გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
აღნიშნული საკითხი "ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღევანდელ სესიაზე დააყენა.
მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე საორგანიზაციო დეპარტამენტს უკვე აცნობეს.
შეგახსენებთ რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის უფლება ფრაქციას ან დეპუტატთა 1/3-ს გააჩნია, თუმცა, გადაწყვეტილება სესიაზე ხმათა უმრავლესობით მიიღება. შესაბამისად, "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნის საკითხი სესიაზე უნდა გადაწყდეს. აღნიშნულ კონტექსტში, ახვლედიანმა დეპუტატებს მოუწოდა, მათ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.
"საზოგადოებაში არის ძალიან ბევრი კითხვა ამ გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით. ამიტომ საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს მათ პასუხები და აღდგეს სამართლიანობა იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც დიდი ეჭვია, უკანონოდ არიან მოკლულნი. ეს თემები ყოველთვის იქნება აქტუალური, ვიდრე არ ჩატარდება სათანადო გამოძიება. ამიტომ, გთხოვთ ყველამ გაიაზრეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ის პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტი ვალდებულია საზოგადოების ინტერესი და მოთხოვნა დააკმაყოფილოს და გთხოვთ, აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროთ", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა სესიაზე.
აღსანიშნავია, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" წინადადების მხარდამჭერი განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა. უმრავლესობის მხრიდან კი ამ საკითხს არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია.