ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, ვინაიდან დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა მხოლოდ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.
როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა სამადაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ამნისტიის კანონი არ უნდა შეეხოს იმ მუხლებს, რომლებიც ვენეციის კომისიის დოკუმენტშია დაცული.
"თუ შეიძლება ითქვას, რომ ერთი საკითხი, რომელზეც მარტივად შევთანხმდით, ეს არის ის, რომ ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც არის კონვენციით დაცული, ეს თავისთავადაც ასეა. თუმცა შეიძლება განვიხილოთ ამნისტიის კანონში კიდევ ერთხელ დაზუსტებით ჩაწერა, რადგან ეს სწორედ ის საკითხია, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა", - თქვა მან.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში "ქართული ოცნების" წევრებს, მიხეილ სარჯველაძესა და ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.
შეგახსენებთ, 19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.