შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა და დეპორტაცია გენოციდად აღიარა.
ბაიდენის განცხადებით, "ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის დროს დაიღუპა".
"ყოველი წლის ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდის დორს დაღუპულებს. 1915 წლის 24 აპრილიდან, ოსმალეთის იმპერიის მიერ სტამბოლში სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაპატიმრებით, დაიწყო სომეხთა განადგურების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მილიონნახევარზე მეტი სომეხი გადაასახლეს ან სიკვიდილით დასაჯეს", - ამბობს ბაიდენი თავის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის თქმით, მისი მიზანი არა ვინმეს დადანაშაულება, არამედ იმაში დარწმუნებაა, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს განმეორდება.
ბაიდენის წინამორბედი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაურბოდა ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას თავის განცხადებებში, რომელიც 1915 წლის მოვლენებს ეხებოდა. ბარაკ ობამაც, რომლის ადმინისტრაციაშიც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ასევე გაურბოდა ამ განსაზღვრებას. 2019 წელს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915 წლის ტრაგედია დაახასიათა, როგორც სომხების გენოციდი. ამან ანკარის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.
ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.
აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.
დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.
თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.
ანკარა მოითხოვს ტერმინ "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.