დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 95 წლის გახდა.
პირველად, 69-წლიანი მმართველობის განმავლობაში, დედოფალი თავის დაბადების დღეს, საყვარელი მეუღლის, პრინცი ფილიპის გარეშე შეხვდება. 73-წლიანი ქორწინების შემდეგ, ელისაბედ II პრინც ფილიპს გასულ კვირას გამოეთხოვა. ედინბურგის ჰერცოგი 9 აპრილს 99 წლისა გარდაიცვალა.
დედოფალი 95-ე დაბადების დღეს უინძორის ციხე-სიმაგრეში შეხვდება, სადაც მას სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი შეუერთდება. მონარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ოფიციალური ფოტო არ გამოქვეყნდება, რადგან პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო, სამეფო ოჯახი ჯერ კიდევ გლოვობს.
პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
ბრიტანეთში დედოფლის დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. დედოფალი ნამდვილ დაბადების დღეს, 21 აპრილს ოჯახურ წრეში ზეიმობს. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.