საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განცხადება გაავრცელა.
"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.
"როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე", - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
შეთანხმების ხელმოწერას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
შეგახსენებთ, გუშინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ წინადადებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.
ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ პოლიტიკოსებს ბრიუსელიდან მიესალმა. შარლ მიშელი საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.