რესპოდენტის შესახებ
გია ხუხაშვილი - ანალიტიკოსი
გია ხუხაშვილი - ანალიტიკოსი
"ქართულმა ოცნებამ" დანიელოსონის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ოპოზიცია კი საკუთარი პოზიციის შეცვლას არც აპირებს და ისევ წითელ ხაზებზე საუბრობს, რაც რიგგარეშე არჩევნებსა და მელია-რურუას გათავისუფლებაზე გადის. ამის პარალელურად, გახარიას გუნდი ოფიციალურად ჩამოყალიბდა ისე, რომ მათი ლიდერი ჯერ არ გამოჩენილა. რამდენად არის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ერთმანეთის გამომწვევი თუ შედეგი და რამდენად ადეკვატურია პოლიტიკური ძალების ქმედებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
გია ხუხაშვილი: კარგია, ხელისუფლებამ ამ დოკუმენტს ხელი რომ მოაწერა, რადგან ამით შანსი გაჩნდა, რომ საბოლოო ჯამში მოლაპარაკება შედგეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის უკან მიდევნებული ხელმოწერა და ტაქტიკური მანევრირების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე პრობლემის რეალურად გადაწყვეტის. მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ამ ვითარებაში საკმარისი, ალბათ, აღარ არის იმიტომ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე მაინც ისეთი საკითხები დევს, გარდა ამ ხელმოწერილ დოკუმენტში შესული საკითხებისა, რომელსაც მეტი სიცხადე სჭირდება. ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი, თუ რაიმე დათქმით ეს შესაძლებელია და რა თქმა უნდა, პატიმრებთან დაკავშირებული საკითხი. ასე რომ, ამ ხელმოწერას მე პოზიტიურად ვუყურებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ხელისუფლებამ რაღაც გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო.
- ახლა ხელმოწერა რამ განაპირობა?
- როგორც ჩანს, მოსთხოვეს ხელისუფლებას ამის გაკეთება. გასაგებია, რომ კობახიძე ვაშინგტონშია და მოლოდინია, რომ ამ საკითხზე მარტივი საუბრები არ ექნებოდა. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხიცაა, მაინც ხელისუფლებაზე გადადის ამ პასუხისმგებლობის დიდი წილი და როგორც ჩანს, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ამ მხრივ გაურთულდებათ მდგომარეობა. გარდა ამისა, მათ შეეძლოთ, თავიდანვე მოეწერათ ხელი და ძალიან შეეშალათ, როდესაც არ მოაწერეს და მართლა უპირატესობის მოპოვება გაუშვეს ხელიდან. რომ მოეწერათ, უფრო რეალურად დისკომფორტს შეუქმნიდნენ ოპოზიციას. თავის დროზე არ გააკეთეს და ახლა უკან მიდევნებულად მოაწერეს და ამით რაღაც მანევრი ჩაატარეს.
- ოპოზიციის პასუხი რამდენად ადეკვატურია?
- ოპოზიციის პოზიცია გასაგებია, რადგან მათ არასოდეს არ მოუხსნიათ დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ამ ყველაფერს წინ უძღოდა გახარიას გუნდის განაცხადი. ამ ნაბიჯს როგორ აფასებთ?
- მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნორმალური და რაც მთავარია, კანონზომიერია იმიტომ, რომ მოცემულობა ასეთია - არსებული პოლიტიკური ელიტა ვერ ფარავს ელოქტორატს. ანუ, ელექტორატის დიდი სეგმენტი, შეიძლება ითქვას, რომ წარმოუდგენლად დიდი სეგმენტი დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი. ანუ, მას არ უნდა არც წარსულში დაბრუნება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არ მოსწონს არც აწმყო და, როდესაც მოთხოვნა ასეთი დეფიციტურია, მიწოდებაც კანონზომიერად მოდის. თანაც, დღეს ქართული პოლიტიკა პოლარიზებულია და კინკლაობაშია ჩართული, მოთხოვნა კი არის ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე, რომლებიც არა ერთმანეთთან კინკლაობით დაკავდებიან, არამედ ამ ხალხის პრობლემების რეალური გადაწყვეტით და შესაბამისად, გახარიამ ჩათვალა, რომ მან ეს შეთავაზება უნდა გააკეთოს და ცდილობს, ამ სეგმენტის კაპიტალიზაცია მოახდინოს.
- ბოლო წლების განმავლობაში სულ მესამე ძალის საჭიროებაზე ხდება აპელირება. ბოლო არჩევნებისთვის „ლელო“, რომელსაც მესამე ძალის პრეტენზია ჰქონდა, ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აღმოჩნდა. ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი გახარიას რამდენად აქვს, მით უმეტეს, მის „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებასა და ივანიშვილის სასარგებლოდ თამაშის ეჭვების გათვალისწინებით?
- ეს, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული მეჩვენება, რომ „ლელო“ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აღმოჩნდა. უბრალოდ, გარემოებებმა დაგვაბრუნა ისევ ორპოლუსიანობაში და ეს თანამშრომლობა გამოიწვია, ჩემი აზრით, ტაქტიკურმა შეცდომებმა და „ლელოს“ ახლა სხვა გზა აღარა აქვს, ერთადერთი თემაა პოლიტიკურ დღის წესრიგში და იმ მაგიდაზე, რემელსაც ის უზის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა და „ლელო“ ერთად არიან. უფრო მეტიც, ყველას გვახსოვს, რომ ხაზარაძეს წინა ხელისუფლებასთანაც არანაკლები პრობლემები ჰქონდა და პირველ ეტაპზე ამ ხელისუფლებას უჭერდა მხარს, ის უცნაური მოვლენები რომ არ განვითარებულიყო, თუნდაც, ანაკლიის პროექტის ირგვლივ. ასე რომ, ეს შეფასება გადაჭარბებული მგონია, მაგრამ რეალურად კი ბატონო, მეც ვიზიარებ, რომ ის აღმოჩნდა იმ პოლუსზე, რომელიც მისთვის შესაძლოა, კომფორტული არ იყოს. გეთანხმებით, რომ აქამდე მესამე ძალაზე გასვლის სულ წარუმატებელი მცდელობებია - „ლელომაც“ სცადა, „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ და კიდევ სხვა პარტიებმაც, მაგრამ ვერ გადიან.
- რატომ, რა არის ამის მიზეზი და გახარია რამდენად მოახერხებს ადეკვატურ რეაგირებას?
- ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, აპელირებს ისეთ საკითხებზე, რაც საზოგადოებისთვის, ხალხისთვის არ არის პრიორიტეტული. ანუ, ხალხს აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისი პრობლემები, ამ პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული და პოლიტიკური ელიტა დაკავებულია აბსოლუტურად სხვა საკითხებით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკოსებს და ხალხს შორის უფსკრულს.
რაც შეეხება გახარიას, ჯერჯერობით რა განცხადებებიც მესმის, სწორი განცხადებებია. ცდილობენ, რომ ამ ველზე, ამ სივრცეში შევიდნენ. თუმცა, ასეთი განცხადებები ბევრი მინახავს, რეალიზებული კი ბევრი არა. ასე რომ, შანსი, რა თქმა უნდა, მასაც აქვს, მაგრამ არ იქნება გასაკვირი, რომ აქაც იგივე იმედგაცრუება მოხდეს, რაც სხვა პარტიების შემთხვევაში მოხდა.
- რა შემთხვევაში მოხდება?
გახარია როგორც კი შემოვა პოლიტიკაში, ორმხრივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდება. მისი გუნდის წევრები კი უკვე ვნახეთ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაც მათ ილაპარაკეს, მაინცდამაინც სწორი იყო.
ამიტომ ნაცები იტყვიან, რომ ქოცია, ქოცები იტყვიან, რომ ნაცია და იყო კიდეც ამის მოსინჯვები ორივე მხრიდან. მართალია, ეს ჯერჯერობით დაბალ რეგისტრშია, მაგრამ, როგორც ჩანს, სამომავლოდ გაღრმავდება ეს ყველაფერი. რაც მთავარია, მის მიმართ არსებობს კითხვები და ის ვერ აიცილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მისი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა. არსებობს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებული კითხვები, იგივე 20 ივნისი, ცნობილი წერილის თემა ტვ პირველთან დაკავშირებით, ნამახვანჰესზე ხელმოწერა და ა.შ. ბევრი კითხვაა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დამაჯერებელი იქნება მისი პასუხები ამ კითხვებზე იმ სეგმენტისთვის, რომელიც ეძებს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს.
ჯერჯერობით მისი მაღალი რეიტინგი უფრო არის ე.წ. მოლოდინის რეიტინგი. ეს არ არის პოლიტიკოსის რეიტინგი. მოლოდინია და ხშირად მოლოდინი იმედგაცრუებით მთავრდება ხოლმე.
მართალია, მას ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, პრემიერობიდან გადაგომის შემდეგაც, მაგრამ ამის შენარჩუნება არის ძნელი. როგორც კი ის გამოჩნდება პოლიტიკურ ველზე და მის მიმართ დაიწყება კითხვების დასმა, ის დაიწყებს პასუხის გაცემას, ბუნებრივია, ეს რეიტინგი წამოვა ქვემოთ და რა ნიშნულზე შეძლებს გახარია ამ ვარდნის შეჩერებას, ამის თქმა ძნელია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად დაგეგმავს ის თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას.
- რატომ ფიქრობთ, რომ რეიტინგი ქვემოთ წამოვა? იქნებ, ამ კითხვებს ისეთი პასუხები გასცეს, რომ უფრო მოიმატოს?
- საქმე ისაა, რომ მას არაბუნებრივად მაღალი რეიტინგი აქვს და, შესაბამისად, ქვემოთ წამოვა. მე არ გამოვრიცხავ, რომ დარჩეს იგივეზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთული იქნება. იმის ნახევარზეც რომ გააჩეროს, რაც აქვს დღეს, მე ვიტყოდი, რომ ესაც უკვე კარგი შედეგი იქნება.
- ეს ტაქტიკა, რომ ჯერ მისი გუნდი გამოჩნდა და თვითონ ჯერ დაუკონკრეტებელ მომავალში აპირებს განცხადების გაკეთებას, რამდენად სწორია?
- პრინციპში, ყველანაირი ტაქტიკით შეიძლება გამოსვლა. შესაძლოა, გარკვეულწილად, ახლა ტესტირებას გადის მისი მოღვაწეობა. ანუ, პირველი დარტყმა ამ ადამიანებმა თავის თავზე მიიღეს და პარალელურად მიდის მუშაობა იმ მესიჯბოქსის ფორმირებაზე, რითიც ას აპირებს გამოჩენას. თუმცა, ასე არ ხდება ხოლმე. საერთოდ, კლასიკური პოლიტიკური გაგებით პირველ სიტყვას ამბობს ლიდერი. თუმცა, ესაც შესაძლებელია, რომ ჯერ მისი გუნდი გამოჩნდა. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ მისი თანაგუდელების გამოსვლა იყო ძლიერი სვლა. შესაძლებელია, რომ უფრო უკეთესად გამოსულიყვნენ. მათი რიტორიკა, იგივე ოპოზიციასთან მიმართებაში, ძალიან ჰგავდა და პრინციპში ერთი ერთზე იმეორებდა „ქართული ოცნების“ რიტორიკას. არადა, მათთვის ახლა მთავარი ამოცანაა იმის დამტკიცება, რომ ისინი რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ისმის ბრალდებები, რომ ეს არის „ქართული ოცნება 2“. ამას სჭირდება შესაბამისი მოქმედებები და არა ის პასუხები, რაც მისი გუნდის მხრიდან ისმოდა, იგივე 20 ივნისთან დაკავშირებით და სხვა, ეს ერთი ერთზე იყო „ქართული ოცნების“ პასუხების გამეორება. შესაბამისად, ეს ართულებს ამ ამოცანას და, თუ მიეწება გახარიას ელექტორატის მხრიდან, რომ ის არის „ოცნება 2“, მაშინ რატომ მისცემენ მას ხმას, წავლენ და „ოცნება1“-ს მისცემენ. ასე რომ, ძალიან ფრთხილი და ძალიან სწორად გათვლილი ქმედებებია საჭირო. მისი გუნდის ეს გამოსვლა, ჩემი აზრით, იყო შეცდომა, მაგრამ არა ფატალური.
- ამ გუნდის ქმედებები მიუთითებს, რომ სპონტანურად შექმნილია. ბოლოს და ბოლოს მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტაში მაინც არ მიეღოთ მონაწილეობა. ასეთი სპონტანურობა რისი მაჩვენებელია?
- ეს არის კითხვები, რაზეც მე პასუხი არა მაქვს. ნამდვილად უცნაურია და ამას გახარიამ უნდა გასცეს პასუხი იმიტომ, რომ ამ ტიპის წინააღმდეგობები მის ქმედებებში იგრძნობა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დამაჯერებელი იქნება მისი პასუხები და, თუ არ იქნება დამაჯერებელი, მაშინ ესაც მორიგი იმედგაცრუება იქნება.
- ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში იმდენად საეჭვოდ ილაპარაკა ოპოზიციის ფლანგის ისევ „ქართული ოცნებიდან“ შევსებაზე და მისი ამ ნათქვამიდამ გახარიამ იმდენად სწრაფად სცადა ოპოზიციაში გადასვლა, რა უნდა გააკეთოს ისეთი, საზოგადოებაში არ იყოს განცდა, რომ ის ივანიშვილის თამაშს თამაშობს?
- საფუძველი აქვს ამ ეჭვებს და გეთანხმებით, ეს მისი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ასე არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მის მიმართ არის ბევრი კითხვა და დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რომ ამ კითხვებს ღირსეული და დამაჯერებელი პასუხები გასცეს. ეს არის მარტივი კითხვები და, თუ ამას მოახერხებს, გამოუვა, თუ ვერა და იქნება მორიგი იმედგაცრუება.
- როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის ივანიშვილის დაანონსებული პროექტი?
- თავისი ქმედებებით. ტექნოლოგიური საკითხია და მოხერხება უნდა. ვერ ვიტყვით, რომ შეუძლებელია. გააჩნია, როგორ მოიქცება და რა იქნება მისი გზავნილები, რამდენად კრიტიკული და პრინციპული იქნება ის ხელისუფლებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ამაზე.
- დღევანდელი მოცემულობით რისი თქმა შეიძლება, ჩანს, რომ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებში პირადად ჩაერთვება თუ ისევ უკანა რიგებიდან გააგრძელებს ვითარების მოსინჯვას პარლამენტის არჩევნებისთვის?
- ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ. რეალურად მე არ ვიცი, რას იზამენ.
- ოპოზიცია რამდენად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
ოპოზიცია რას აკეთებს, ვერ გავიგე, მაგრამ მგონი, თვითონაც ვერ გაიგეს.
აქციაც კი ორი თვით ადრე გამოაცხადეს და დიდ მზადებას ამისთვისაც ვერ ვხედავ. ელოდებიან, დანიელსონო როდის გადააბარებს ხელისუფლებას. არადა, სულ ტყუილად ელოდებიან. ძალიან ცუდი ვითარებაა. წეღანაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკური ელიტა, ოპოზიციურიც და სახელისუფლებოც, მოწყვეტილია ელექტორატს და ეს არის პრობლემატური. ოპოზიციას მაქსიმუმი, რაც შეუძლია, არის, დასხდნენ მდინარის პირს და დაელოდონ, როდის ჩამოატარებს მდინარე მათი მტრის გვამს. მათი ხმაურის უკან რეალურ ქმედებებს ვერ ვხედავ.
- ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გადაწყვეტილებების მიღება მაინც მოუწევთ, ბოლოს და ბოლოს იმ საკითხთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება მათი სტრატეგია, დიდ ქალაქებში მერობის საერთო კანდიდატები ეყოლებათ?
- არ ვიცი, ნამდვილად ვერ ვფიქრობ, რას იზამენ, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იქნება, თუკი საერთო კანდიდატები ეყოლებათ. მაშინ გამოაცხადონ ერთ პარტიად ფორმირება და ეგ იქნება. კი თანამშრომლობენ ცალკეულ საკითხებზე, მაგრამ რეალურად ერთმანეთის პოლიტიკური კონკურენტები არიან და ყველაფერზე ოპოზიციის ერთიანობის ძახილიც მხოლოდ რიტორიკაა და მეტი არაფერი.
რუსა მაჩაიძე, ჯი-ეიჩ-ენი