"ევროპული საქართველო" არ მოაწერს ხელს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ შეთანხმებას ხელი მოეწეროს, აუცილებელია ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"პრეზიდენტ მიშელის წარმოდგენილი გეგმიდან სამ პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები, ეს გასაგებია, მაგრამ არის ორი პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები, პოლიტიკური დევნა შეწყდა. ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს და ბუნდოვანი იყო თალაკვაძე. ასევე ვადამდელ არჩევნებზე, აქ მან დაუშვა პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ, ოღონდ რაღაც გაუგებარი, ბუნდოვანი და არალოგიკური ტესტი ახსენა 40 პროცენტის აღების მმართველი პარტიის მიმართ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთნხმდეთ, ან უნდა იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები და არა 40 პროცენტი, 60-ის წინააღმდეგ. ახლა ორ მთავარ პუნქტზე უნდა შევჯერდეთ და ბოლომდე გონს უნდა მოვიდეს ივანიშვილი და მისი გარემოცვა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტია არ მოაწერს ხელს დანიელსონის დოკუმენტს.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" საჯაროდ მოაწერს ხელს კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება 31 მარტს შესთავაზა.