პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფორუმი" ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" მოსახლეობისგან თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ნიკო ორველაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მაგალითად, საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის მაცხოვრებლებს დიდი რაოდენობით თანხების გადახდას აიძულებენ. მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე კი სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.
"პირთა ჯგუფმა სოფელ დიდ ჩაილურში მცხოვრებ აბონენტებს ქვითრები ჩამოურიგა, რომელიც არც დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობას, არც მისი ფასის და არც მრიცხველის მიერ დაფიქსირებული საწყისი და საბოლოო ჩვენებების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს. აბონენტებისაგან საკმაოდ დიდი თანხის გადახდას ითხოვენ. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც თანხა ვერ გადაიხადა, მასობრივად შეუწყვიტეს ელექტროენერგია. "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" მოსახლეობას თანხებს სძალავს და მათი მხრიდან ეს თავხედობა დიდი ხანია დაიწყო და გრძელდება. ამ მხრივ რეგიონში სრული განუკითხაობაა", - აცხადებს ნიკო ორველაშვილი.
"ეროვნული ფორუმის" ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
"პოლიტიკოსების საქმეა ის, რომ ილაპარაკონ და სხვადასხვა ორგანიზაციებს ბრალდებები წაუყენონ. ჩვენი მოვალეობა საქმის კეთებაა და ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. კომენტარებისთვის არ გვცალია", - აცხადებს ჟანა დიდებაშვილი.