თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში მხარეს არ აირჩევს. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია NTV-ს ეთერში განაცხადა.
ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთის პოზიცია ემყარება ღია და კონსტრუქციულ მიდგომებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის შავ ზღვაში სიმშვიდის დამყარებას ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა.
"ჩვენ გვსურს, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობიანი ზღვა", - დასძინა თურქეთის პირველმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.
ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონბასში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა და მისი დასრულების მოწოდებით გამოვიდა.