პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტი იმ პირებისთვის, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით არიან გასამართლებული და სასჯელს 260-ე მუხლის პირველი და მეცამეტე ნაწილით იხდიან სასჯელის განახევრებას ითვალისწინებს.
კანონი აღნიშნული შეღავათის დაწესებას არ ითვალისწინებს იმ პირთათვის, რომლებიც პატიმრობაში ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისთვის იმყოფებიან.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციონერი დეპუტატების - დიმიტრი ლორთქიფანიძისა და ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიულ წინადადებებს.
ლორთქიფანიძე ითხოვს, რომ ამნისტია შეეხოს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებულებსაც. ბაღათურიას აზრით კი, 273-ე მუხლით მსჯავრდებულებს სასჯელი არათუ უნდა გაუნახევრდეთ, არამედ საერთოდ გათავისუფლდნენ.
გარდა ამისა , დეპუტატს მიაჩნია, რომ ამნისტიის პროექტს უნდა დაემატოს 276-ე მუხლიც, რომელიც სასჯელს გაუფრთხილებლობით ავარიებისთვის ითვალისწინებს.
პარლამენტში სესია ამ წუთებში იწყება.