უმწვავესი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია, ამ გაყინული მდგომარეობიდან ვერ, თუ არგამოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
„ჩვენი უცხოელი პარტნიორები, როგორც ჩანს, ჩვენზე უკეთ ხვდებიან, რამდენად საჭირო და გარდაუვალია ამ კრიზის დაძლევა. მართალი გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს – 9 აპრილს – შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის. შევძლებდით საერთო ინტერესების დანახვას და ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორეხარისხოვანის გამიჯვნას, პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არაღრევას და იმის დანახვას, სად და რაზე გადის ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული და ევროპული გზა! იმედი მქონდა, რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, არ უნდა გაუშვას ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც აქვს.
„არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისთვის და რაოდენ უკვე დაახლოვებული ვართ. ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ, საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს. მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფაცილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის. ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა. ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი – იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს. ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან – იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები. თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა – შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის! არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.