ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით, - თქვა საქართველოს პრეზიდნტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის წლიური მოხსენებით წარსდგა.
მისი თქმით, არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია
„მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება!
ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია.
დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს“, - თქვა პრეზიდენტმა.