საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული მრევლის ხარების ტაძრიდან მიულოცა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია.
მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს“, - თქვა პატრიარქმა.
„ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ! სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ! დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს! ჩვენთან არს ღმერთი!“
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.