ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" დასმულ შეკითხვებს.
"ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი", - ამბობს ნიკა მელია.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილსაა ჩანიშნული. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს იწურება.