აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები მოუხსნა. სანქციები გაუუქმდა ასევე ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორ ფაკისო მოჩოჩოკოს.
შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. ამასთან, გაუქმდა ჰააგის სასამართლოს პერსონალისთვის აშშ-ის სავიზო შეზღუდვები.
„აღნიშნული გადაწყვეტილებები ასახავს ჩვენს შეფასებას, რომ ეს ზომები იყო შეუსაბამო და არაეფექტიანი“,- ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
2020 წლის ივნისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ შესაძლო ჩადენილ ომის დანაშაულების გამოძიების გამო.
როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონმა სანქციების გაუქმების ნაბიჯი გადადგა, იმის მიუხედავად, რომ არ ეთანხმება საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებს, ავღანეთისა და პალესტინის სიტუაციებთან დაკავშირებით.
„თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების საკითხის გადაწყვეტა უკეთესია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესში ყველა მონაწილე მხარესთან ჩართულობით, ვიდრე სანქციების დაწესებით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.