ერთი საკითხია, როდესაც საბჭოთა დროიდან საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტის შემოშვებას დათანხმდები და მეორეა, როდესაც შენი მოსახლეობა ჩაკეტილი გყავს, ხოლო ასეთ ადამიანს პრივილეგიებს ანიჭებ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფრის ნაზავი არის და სიმბოლო იმისი, როგორი რეჟიმი გვყავს.
„ეს არის მთავრობის დიაგნოზი, როდესაც ამის შემდეგ იწყებ უტიფრად კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლების კმაყოფილებას იწვევ, რომ აი, ეს კაი მთავრობაა, იქ ხალხი არ ვარგა, სწორედ ასე თქვეს. ყველა ამ ადამიანის შემოშვება და შემდეგ, რაც მთავარია, პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება, ესკორტებით გაცილება, ეს არის სახე ივანიშვილის რეჟიმის. ისინი არ არიან ჩვენი მოქალაქეების სამსახურში, ისინი არიან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში და მზად არიან, ქვეყნის მტრების საქმე აკეთონ ყველა ფრონტზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.