ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო მეორე მხრივ, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„გინდ პოზნერი იყოს, გინდ მიხალკოვი და ასტაფიევი, იქნება ის რუსეთის თუ აშშ-ის მოქალაქე, ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია და მის მიმართ უკიდურესად ცუდად ვარ განწყობილი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეები გვყავს, ვინც საქართველოში ოკუპაცია დაუშვა და დღესაც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.
ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს, გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩემთვის არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ მის მიმართ მაქვს ადამიანური მიუღებლობა. მაგრამ ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო მეორე მხრივ, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია. სწორედ ეს ამახინჯებს გულწრფელ პროტესტს, რაც საქართველოს საწინააღმდეგო აზრების მქონე ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.