არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ასეთი ადამიანები არ შემოვუშვათ, - თქვა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, მაშინ ამას საზოგადოების რეაქცია მოჰყვება
"მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ასეთი ადამიანები არ შემოვუშვათ. თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, მაშინ ამას მოყვება საზოგადოების რეაქცია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი ჩამოფრინდა. პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. "მესამე წელია, დაბადების დღეს თბილისში აღვნიშნავ. ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნავად", - თქვა პოზნერმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერის ეკუთვნის ფაზა, რომ "აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კაფე სტამბასთან აქცია დაიგეგმა. ის საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"ბოლო ინფორმაციით კაფე სტამბაში იკრიბებიან ოკუპანტი ღორები! ვისაც შეგიძლიათ, საშვიანებო და უსაშვოებო, მოკლედ 30 წუთში იქ ვიწყებთ შეკრებას! მთავრობა კი არა მონების ხროვა გვყავს", - წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.