დღეს, 31 მარტს, ქვეყანაში აღინიშნება 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის 30-ე წლისთავი.
რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.302-ს (90.3%). მასში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც.
რეფერენდუმის შეკითხვას - "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" - საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის (მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა) 98%-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.
რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იქნა აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნების გამოვლინებად.
ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით:
ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 657 477
რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3 302 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90.3%;
კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3 326 100, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98.9%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17 400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0. 53%-ს.
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0.41%-ს.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347 175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61.27%-მა, კენჭისყრაში - 61.23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97.73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59.84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1.42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0.87%-ს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96.64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97.67%-მა. უარყოფითად - 1.42%-მა.
გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო.
ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10 180 ამომრჩეველმა.
"რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.
ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.
ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი და აგრესიის გამომხატველი. თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს.