დღეს, 30 მარტს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში „Pfizer-ის“ ვაქცინით აცრა დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, 14 აპრილის ჩათვლით რიგები სრულად დაჯავშნილია. ქვეყანაში შემოტანილია 14 000 ადამიანისთვის გათვალისწინებული დოზა. ამ მომენტისთვის 10 000 მოქალაქე უკვე დარეგისტრირებულია.
დღეისათის საქართველოს მოქალაქეებს ორი ვაქცინიდან მათთვის სასურველით აცრის შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 86 400 დოზა აპრილში უნდა ჩამოვიდეს.
პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა მედპერსონალის ნაკლები აქტივობის გამო, მთავრობამ წრე გააფართოვა და ახლა ვაქცინის საკუთარი დოზის მიღების შესაძლებლობა 65 წელზე ზევით მოქალაქეებსაც აქვთ.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა.