კახეთში ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საბუკო ავრცელებს.
"ბრაკონიერის მიერ დაჭრილი ბექობის არწივი სოფელ მაღაროსთან, ველებზე ამ დილას იპოვეს და შეგვატყობინეს. მძიმე მდგომარეობის გამო, ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა.
სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში. ეს ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა, რასაც ამ ტერიტორიაზე გადავაწყდით.
შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, გაამკაცრონ კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხის ფრინველები მრავლად არიან", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.