„პირველ რიგში, შემთხვევების ზრდის გამომწვევი მიზეზი არის აქტივობა, მობილობა იმ პირობებში, რომ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის შემცირებული",- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში დიდი სიფრთხილეა საჭირო.
"სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ წესები, რომლებიც არსებობს, არის საკმაოდ ეფექტური და უნდა დავიცვათ. ასევე, ტესტირების პროგრამა არის უკიდურესი მნიშვნელობის და გრძელდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება. ეს არის ორი მექანიზმი, რაც ჩვენთის დღეს მთავარი დაცვაა. რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადევნებს თვალს ახალი შტამების გამოჩენის რისკებს და ამის დასადგენად ტარდება ანალიზი.
წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო და ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ გადავიტანეთ ნოემბერ-დეკემბერში. ამდენად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ვატარებთ ყოველდღიურად და გადაწყვეტილებებიც მიიღება შესაბამისად. გურიაში ხვალ ვგეგმავთ ვიზიტს, ადგილზე დეტალურად შევისწავლით სიტუაციას. არის გარკვეული ნიშნები იმისა, რომ იმერეთში შესაძლოა, მატების ტენდენცია იყოს უფრო აქტიური, ვიდრე სხვაგან. ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობით ამ ანალიზს გავაკეთებთ და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.