გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანა ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან კორონავირუსის ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტი დომინანტური გახდა.
მერკელის თქმით, ე.წ. ბრიტანული შტამი უფრო მომაკვდინებელია და მეტად სწრაფად ვრცელდება.
"ჩვენ ახალი პანდემიის წინაშე ვდგავართ. ვითარება ძალიან სერიოზულია. ბრიტანული შტამი დომინანტური გახდა. ეს ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ვირუსია, რომელიც უფრო მომაკვდინებელი და გადამდებია", - განაცხადა კანცლერმა.
ანგელა მერკელმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან და მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები.
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად იზრდება, რის გამოც ლოკდაუნის რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდა.
მერკელის თქმით, აღდომის დღესასწაულის დღეებში, 1-დან 5 აპრილამდე, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.