საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას, ქვეყანამ საინფორმაციო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაქცინა შემოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, NDI-ის კვლევასთან დაკავშირებული კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ მოსახლეობის ნახევარი უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია.
„როდესაც ვსაუბრობთ ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ ნახევარი მოსახლეობის უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია.
ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს, რათა ანტივაქსერები ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც დღეს არ ენდობიან ვაქცინას, დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში. ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი, ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობის ვაქცინაციასთან მიმართებაში. მოგვიწევს დიდი ძალისხმევა, რათა ნდობა აღდგეს და ეს იქნება ასევე სამედიცინო პერსონალის აქტივობა“, – განაცხადა გაბუნიამ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 42% აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა.