პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ, "სამოქალაქო თავდადების" მედლით დაჯილდოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ "სამოქალაქო თავდადების" მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება", - აღნიშნულია ორბელიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საოკუპაციო ხაზს მიღმა, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი გუშინ დაკრძალეს. ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა.
2011 წელს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართებით გაჰყვეს დათა ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ნაწილი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა, ნაწილი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დათა ვანიშვილი ოკუპაციას არასდროს შეჰგუებია. მას არაერთხელ შესთავაზეს, მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, რაზედაც ყოველთვის უარს ამბობს. საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
დათა ვანიშვილი არაერთ სახელმწიფო ლიდერს, პოლიტიკოსსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზს ვითარების გასაცნობად სტუმრობდნენ.