სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილი დაკრძალეს. ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო საქართველოს ჰიმნის ფონზე გამოასვენეს და იმ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, დათა ვანიშვილის ხსოვნის პატივის მისაგებად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2011 წელს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართებით გაჰყვეს დათა ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ნაწილი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა, ნაწილი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დათა ვანიშვილი ოკუპაციას არასდროს შეჰგუებია. მას არაერთხელ შესთავაზეს, მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, რაზედაც ყოველთვის უარს ამბობს. საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
დათა ვანიშვილი არაერთ სახელმწიფო ლიდერს, პოლიტიკოსსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზს ვითარების გასაცნობად სტუმრობდნენ.