იაპონიის მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების "საპასუხო ზომების" განხილვას შეუდგა. შესაძლო მისაღები ზომების ვარიანტებს შორისაა: მოსკოვიდან ელჩის გაწვევა ან მისი სამშობლოში დროებითი გამგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.
ამასთან ერთად აღინიშნება ისიც, რომ მთავრობაში მრავალი სიფრთხილით ეკიდება ამგვარი ზომებისა და ხისტი დემარშების განხორციელებას. ანიშნავენ იმასაც, რომ არ არის სასურველი სკანდალი ნოემბერში იაპონიაში დაგეგმილი აზიურ-ჩრდილოატლანტიკური სამიტის წინ, რომელზეც ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გეგმავს.
ამასთან ერთად, დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა "უკიდურესი სინანული" გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების გამო.
"ჩრდილოეთის ოთხი კუნძული ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაა და ეს ჩვენი თანამიმდევრული პოზიციაა. ამიტომაც პრეზიდენტის იქ ჩასვლა უკიდურეს სინანულს იწვევს", _ განაცხადა პრემიერმა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეხარამ კი განაცხადა: "ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია და რუსეთის პრეზიდენტის იქ გამგზავრება ჩვენი ხალხის გრძნობებს ჭრილობას მიაყენებს, ამიტომაც ეს ძალიან დასანანია".
შეგახსენებთ, რომ დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეხარამ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ტოკიოში მიხეილ ბელი დაიბარა და მედვედევის კურილიის კუნძულების მონახულების გამო პროტესტი გამოუთქვა.
მედვედევი გახდა რუსეთის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რომლებზეც უკვე 65 წელიწადია პრეტენზიას იაპონია აცხადებს. მედვედევი კუნძულ კუნაშირზე თითქმის ოთხი საათი გაჩერდა. კურილიის კუნძულებზე ყოფნის დროს მედვედევს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონიასთან ურთიერთობებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილიის კუნძულების მონახულებას გეგმავდა. მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია და მას ამ გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩიეს.