ახალციხიდან გადმოყვანილ 27 წლის ექთანთან დაკავშირებით გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია, – ამის შესახებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ 27 წლის ექთანთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.
„პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ლევან რატიანი ხელმძღვანელობს.