ევროკომისიამ ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატის პროექტი წარადგინა, რამაც შესაძლებლობა უნდა მისცეს ევროკავშირის მოქალაქეებს შეუფერხებლად [კარანტინის, თვითიზოლაციის გარეშე] იმოგზაურონ ბლოკის ტერიტორიაზე.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, "ციფრული მწვანე სერტიფიკატი" - "Digital Green Certificate" ზაფხულიდან უნდა ამოქმედდეს.
ვაქცინაციის ციფრულ სერტიფიკატზე ასახული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მფლობელი მოქალაქე უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, აქვს კოვიდ-19-ზე ტესტის ნეგატიური პასუხი, ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი.
ევროკომისიის განცხადებით, ელეტრონული სერტიფიკატი უფასო იქნება და QR კოდი ექნება, რათა დაცული იყოს მისი უსაფრთხოება და ავთენტიკურობა.
ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი გეგმა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ.
შესაძლოა, ამ გეგმას ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდეს, ვინაიდან არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატები დისკრიმინაციული იყოს.
კრიტიკოსების მტკიცებით, ელექტრონული სერტიფიკატი საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ უმცირესობას იმოგზაურონ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მაშინ როდესაც, აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ახალგაზრდები, ვაქცინის მისაღებად თავის რიგს ჯერ კიდევ მოელის.