ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, - ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას, რომ როდესაც საქართველოში, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს, რამდენად ეფქტური გამოსავალი იქნება ეს.
აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს პროცესი ფასილიტაციიდან გადავიდა დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას.
"ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს და ყველას ვთხოვთ რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. საქართველოში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მარტის დასაწყისში. დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი ამ მედიაციის ნაწილზე იყო კონცენტრირებული. ჩვენ პირადად ბატონი პრეზიდენტისგან გვაქვს მიღებული ინფორმაცია და შემდეგ ინფორმაცია გვაქვს მიღებული ბატონი კრისტიან დანიელსონისგან და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ პროცესში. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებიდანაც. ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რომელზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა," - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.