ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა - განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ალეკო ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე გამარჯვებისთვის.
"დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში. მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, დავკორტნით ყველამ, განსაკუთრებული ჟინით, შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.
ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი. ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.