დოჰას ტურნირის გამარჯვებულმა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოებისას შვილს და ქართველ გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართა:
"ლუკას, მამიკო მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალურ მატჩში ესპანელი ჩოგბურთელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
ბასილაშვილი, როგორც დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და ასი ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.
ქართველი ჩოგბურთელი დოჰადან დუბაიში გადაინაცვლებს და იქ ATP500 კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.