ვიმედოვნებთ, რომ მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, უფრო მზად ვიქნებით, საქართველოს დავეხმაროთ პრობლემების გადაჭრასა და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
“მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ პროცესსაც მედიაციას გაუწევს. კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და მათ პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავონ, - ამბობს ბორელი.
ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა 16 მარტს, ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას - "გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ". მისივე თქმით, პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს ვერცერთი ქვეყანა გაძლებს.
“პოლიტიკური აქტორების ვალია, ქართველი ხალხის წინაშე, რომ შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური კონტექსტი. პრეზიდენტ მიშელთან ერთად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად, - აცხადებს ბორელი.
ამასთან, ჟოზეპ ბორელმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორია. „ჩვენ საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გამოვუყავით კორონავირუსის პანდემიის ფონზე“, - აღნიშნა ბორელმა.