19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები გამამტყუნებელ განაჩენს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, არ აქვთ იმედი, რომ საქართველოს სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მიუხედავად ამისა, ისინი გეგმავენ უკვე მსჯავრდებულების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში.
ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ თქვა, რომ მოლოდინი იყო გამამრთლებელი განაჩენის, ვინაიდან არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი, თუმცა, მისვე თქმით, მოსამართლე ბიძინა სტურუამ ვერ გაუძლო ზეწოლას.
„ამას ემატება ისიც, რომ სტურუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და ახლა თუ არა, შემდეგი დანიშვნის დროს მას დაუფასებენ ამ გადაწყვეტილებას/ მივალთ სტრასბურგამდე, არ გვაქვს ილუზია, რომ აქ რომელიმე ინსტანცია საქმეს სამართლიანად გადაწყვეტს. ამოვწურავთ ყველა ინსტანციას და შემდეგ მივმართავთ სტრასბურგს", - ნემსიწვერაძემ.
კიდევ ერთი ბრალდებულისმ ვახო ჩიქოვანის ავტოკატის ლელა გოგოლაძის თქმით, მოსამართლე არანაირი მტკიცებულებას არ დაყრდნობია.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ა.გ.-ს, ვ.ჩ.-სა და ნ.რ.-ს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულ - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასამართლო 2021 წლის 16 მარტს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, 2020 წლის19 ივნისს, საღამოს, კლუბ "საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.
მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.