ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს გზავნის, რომელიც დიალოგის მედიაციაში ჩაერთვება. ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შარლ მიშელის მანდატით საქართველოს კრისტიან დანიელსონი ეწვევა. მისი ვიზიტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეპ ბორელთან არის შეთანხმებული.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის მედიაციაში მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
"პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რაც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებშია, რათა ქვეყანამ შეძლოს მის პროევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა", – აღნიშნულია განცხადებაში.