ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული, რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, - აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, "იმედის" კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერზე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი თავად არის.
"ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული, რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსოლუტურად აბსურდული მცდელობა რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის და კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ნუ, ამას მე იუმორის გარეშე, ვერ მივიღებ და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს თვითoნ ეს ბრალდება.
თუმცა, ჩემთვის, გასაოცარია, ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის დისკრედიტაცია, ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის, რა თქმა უნდა, და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისა", - ამბობს ჩუბინიძე.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.