დღეს, 17 ნოემბერს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წამომადგენლობითი პალატის დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს 18 ნოემბერიდან დაიწყებენ. ვიზიტის ფარგლებში პირველად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან, სადაც უნივერსიტეტის სოციოლოგიის და
პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მეცნიერებთან და სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას.
11:00 საათზე დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში მივლენ, სადაც ჯერ ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.
12:45 საათზე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძესთან, საიდანაც სტუმრები სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ოფისში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს შეხვდებიან.
16:45 საათზე დელეგაციის წევრებს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, 17:45 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, 18:45 საათზე კი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მიიღებენ.
რაც შეეხება სამუშაო შეხვედრების მეორე დღეს, 19 ნოემბერს სტუმრები გორს ეწვევიან, სადაც ჯერ პრეზიდენტის რწმუნებულს შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილს შეხვდებიან, მოგვიანებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირობითი სასაზღვრო ზონის დასათვალიერებლად გაემგზავრებიან.
კარგი ამინდის შემთხვევაში, შიდა ქართლიდან სტუმრები ვერტმფრენით ზუგდიდშიც გადაფრინდებიან და აფხაზეთის პირობით სასაზღვრო ზონასაც დაათვალიერებენ, მოგვიანებით კი რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ზაზა გოროზიას და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან.
12:30 საათზე დელეგაციის წევრები გორში დაბრუნდებიან და წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში გაემზავრებიან, სადაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულებს მოინახულებენ.
დღის ბოლოს, 17:00 საათზე, სტუმრები ისევ თბილისში გამოემგზავრებიან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელს კობა სუბელიანს შეხვდებიან, საიდანაც 18:00 საათზე მათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიიღებს.