ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის შესახებ.
ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რადგან მთავრობის სხდომაზე კვლავ ანაკლიის პორტის თემა გაჟღერდა, შესაბამისად, მასაც სურს კვლავ შეახსენოს ხელისუფლებას:
"წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. დღეს ქალაქი ანაკლიის (Anaklia City) უწყვეტი მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.
დღეს, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გლობალურ მოთამაშედ, რეგიონალურ ლიდერად უნდა ვყალიბდებოდეთ და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა ვაგებდეთ.
ანაკლია ხიდი უნდა ყოფილიყო ჩვენ აფხაზ ძმებთან ურთიერთობის და ქვეყნის გაერთიანების საკითხებში. დღეს, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან.
დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, საოკუპაციო ხაზს იქით მდგარი ოკუპანტი უნდა ხედავდეს აგუგუნებულ ქალაქს და ღრმაწყლოვან პორტს.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ნარატივის მიმდევრები და განმახორციელებლები ხართ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა: ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?" - წერს ლანა გალდავა