სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის, მაგრამ მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია უნდა დაეთანხმოს მის პირობებს.
ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს "საზოგადოებრივი სოლიდარობის აღდგენის საშუალება".
"თუ საპარლამენტო ოპოზიცია მიიღებს ჩვენს წინადადებას, გვექნება შესაძლებლობა ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთ შეთანხმებულ ვადებში 2021 წლის განმავლობაში", - თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ იგი აპირებს შეხვდეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მანამდე, 1-ელ მარტს, ერევანში ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერთა აქციაზე განაცხადა, რომ იგი მზადაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.
ფაშინიანი საპარლამენტო ოპოზიციას სთავაზობს ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის თანახმად, თუ იგი გადადგება, ისინი თავიანთ კანდიდატს არ წარადგენენ, მაგრამ ოპოზიციამ ეს წინადადება უარყო.
პარლამენტის დასაშლელად სომხეთის პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. თუ პარლამენტი ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩევს ახალ პრემიერ მინისტრს, ის ავტომატურად დაიშლება და დაინიშნება ახალი არჩევნები, რის შედეგადაც ახალი უმრავლესობა აირჩევს პრემიერ -ინისტრს.
სომხეთის არასაპარლამენტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის პირობებში.
"ჩვენ არ ვეთანხმებით არჩევნების ჩატარებას ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეკრიბა თავისი მომხრეები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ჩამოიყვანა 15 ათასი ადამიანი რეგიონებიდან. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აწარმოა მან ომი და არ გვსურს, რომ არჩევნები მან ჩაატაროს", - თქვა ოპოზიციის კანდიდატმა პრემიერ მინისტრის პოსტზე ვაზგენ მანუკიანმა.