სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა არ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განკარგულება სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გადაყენების თაობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
"განკარგულების პროექტი შეისწავლეს იურისტებმა და ექსპერტებმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სომხეთის პრეზიდენტმა, თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, უარი თქვა დეკლარაციის პროექტის დამტკიცებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.
როგორც ცნობილია, 25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრისა და რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა. ფაშინიანმა ეს მოწოდება შეაფასა, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობა და პრეზიდენტს გასპარიანის გადაყენების შუამდგომლობით მიმართა.
26 და 27 თებერვალს პრეზიდენტი შეხვდა გენერალური შტაბის უფროსს, ოპოზიციური, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს.
დღეს, ოპოზიცია მართავს ერევანში მიტინგს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
სომხეთის კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია კიდევ ერთხელ მიმართოს პრეზიდენტს გენერალური შტაბის უფროსის გადაყენების მოთხოვნით.