"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.
ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დილის 7:30-ზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ, რომელთაც მალევე, სპეცრაზმიც შეუერთდა.
სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. მათ ოპოზიცია ხელაწეულები დახვდა. შენობიდან გაუშვეს მედია.
მხარდამჭერებს დაკავებამდე მიმართა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და მათ არაძალადობრივი წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდიდა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც გუშინ პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი, მან კი სიტყვით გამოსვლაში თქვა, რომ მელიას საქმეზე კანონი უნდა აღსრულდეს.