გიორგი გახარიამ საკმაოდ ნათლად, ცხადად და გასაგებად თქვა ის, რაც იყო თავისი სათქმელი. პარლამენტი თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხებოდა უფლებამოსილების შეჩერებას, იყო ერთიანი და მათ შორის პრემიერ-მინისტრი იყო ამ პოზიციის დამცველი და მომხრე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ის, რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იყო კიდევ ერთი დადასტურება, თუ რასთან გვაქვს საქმე. ის ზეწოლა, მათ შორის ფსიქოლოგიური, რაც მიიტანეს მოსამართლეზე, თქვენ ამის მოწმე იყავით გუშინ. სხვა რომ ვერაფერი მოძებნეს, ოჯახის წევრებზე დაიწყეს საუბარი. ის, რომ მოხდა ამერიკის ელჩზე შეტევა. ამერიკის საელჩოს გვერდზე რა სიტყვებით მოიხსენიებენ ამერიკის ელჩს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგი არის დესტრუქცია და დესტაბილიზაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს განაჩენი ნიკა მელიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღსრულდეს და ამის წინააღმდეგი არც ექსპრემიერი გიორგი გახარია ყოფილა.
„ვინმეს კითხვის ნიშანი უჩნდება რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს? ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაც ხომ იმას შეეხება, რომ თავის დროზე, ნიკა მელიამ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ნოემბერში იქნა მიღებული, გირაოს გაზრდასთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის გიორგი გახარიას მხრიდან, არ დგას ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.