ეს არ არის პოლიტიკური დევნა, ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკური მიმალვა,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დევნაა.
მისი თქმით, ის, რაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხდება, შესრულებაა გეგმისა, რომ გაზაფხულზე მღელვარების ორგანიზება დაიწყონ.
„არავინ დედამიწის ზურგზე არ უარყოფს, რომ ნიკა მელია არღვევდა და ახლაც არღვევს კანონს. როცა კანონი ირღვევა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია და აქაც რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, ამას მივცეთ რეაქცია, რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონდარღვევა, ეს იყო მართლმსაჯულების და სამართლებრივი სისტემის გამოწვევა. ის, რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ეს არათუ მცდელობაა, არამედ ასრულება იმ გეგმის, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და თავადაც ღიად საუბრობდნენ, რომ მათი მიზანია, გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება, მართალია დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ როგორც ჩანს, არ დგება, მაგრამ ვატყობთ, რომ ეს მცდელობები არის და ყველა ეს მცდელობა არის ფუჭი ორი მიზეზის გამო: პირველი - ეს ყველაფერი არის კანონის საწინააღმდეგო და ჩვენ ასეთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს არ დავუშვებთ და მეორე - მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ მოქალაქეებში, ეს ჩანს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მათი მხარდაჭერა არის ნული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.