ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცესი ერთხელ უკვე გავლილია პარლამენტში და ამ კუთხით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კითხვის ნიშანი არ არსებობდა და ყველაფერი ცხადი იყო, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„არ ვიცი ჩვენი ოპონენტები რას მოელოდნენ უმრავლესობისგან, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი ცხადი იყო, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც დღეს არის. მამუკა მდინარაძემაც ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველაფერი ნიკა მელიას ხელშია. ერთის მხრივ პარლამენტს აქვს მყარი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ვინაიდან ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურას აქვს წარდგენილი არის დასაბუთებული და ამას არც ოპონენტები არ უარყოფენ. ყველა აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში გირაოს არ გადახდა კანონიდან გასვლაა. ამიტომ აქ გადაწყვეტილება იყო ერთადერთი და ცხადი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან პაპუაშვილი ნიკა მელას ქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოწვევად აფასებს. „ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისაა სახელმწიფო და კანონი და უკეთ იცის რას დაემორჩილოს და რას არა. სამშაბათს იქნება პარლამენტის სხდომა და პარლამენტი მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, არამედ ჰქვია საქართველო, აქვს კანონები და ყველა თანასწორია კანონის წინაშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.